საქართველო მიეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც საზოგადოების დამოკიდებულება მოწყვლად და მარგინიზირებულ ჯგუფებთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითია.
მას შემდგომ, რაც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან საქართველოში დაიწყო სახელმწიფოს ფორმაციის ცვლილება, საზოგადოების დიდი ნაწილი დარჩა სამსახურის და ელემენტარული ყოფითი პირობების გარეშე. ოჯახებს, როგორც იტყვიან ლუკმა-პურის მოსაპოვებლად უხდებოდათ ბრძოლა. ეს პროცესები განსაკუთრებულად უარყოფითად აისახა ქვეყანაში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე. არსებულმა სოციალურმა გარემომ ბევრი ქალი საქართველოში აიძულა სამუშაო ეძებნა სხვადასხვა ქვეყნებში, რამაც ქალთა განსაკუთრებული მიგრაცია გამოიწვია. ასევე ბევრი მათგანი რეგიონებიდან დედაქალაქში ჩამოიყვანა სამუშაოს საძებნელად.
ამონარიდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზიანის შემცირების ქსელის ანგარიშიდან „Sex work, HIV/AIDS, and Human rights”:
„ქალაქში ჩამოვედი სამუშაოს მოსაძებნად. სოფელში ცხოვრება შეუძლებელი იყო. სამი ბავშვი იმედით შემომყურებდა. აქაც არაფრის გაკეთება შემიძლია. სამი თვე მაღაზიაში ვმუშაობდი და… რა შემიძლია დღიური ანაზღაურებით რომ გავაკეთო?“
სამწუხაროდ, ქალთა გარკვეული ნაწილი, იძულებული შეიქმნა სექს ინდუსტრიაში ჩართულიყო, ჰქონოდათ კონტაქტი კრიმინალებთან რა დროსაც ბევრი მათგანი ხდებოდა ტრეფიკინგის მსხვერპლი და ნარკოდამოკიდებულები, ეს გარემოება კი უფრო უმძიმებდა ყოფით პირობებს. ქვეყნიდან გადახვეწილ ქალთა დიდ ნაწილს სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგალითად როგორიცაა დეპორტაცია, ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, და ა.შ. მოუწია საქართველოში უკან დაბრუნება. არსებული სოციალური ფონი ვერაფერს საიმედოს ამ ადამიანებს ვერ სთავაზობდა, რის გამოც ასევე ბევრი მათგანი სექს ინდუსტრიაში ჩაერთო.
სამწუხაროდ პრობლემა უფრო ფართო მაშტაბებს იძენს ამ ადამიანებისთვის საქართველოში. მათ ერთის მხრივ სახელმწიფოში არსებული დისკრიმინაციული გარემო, მეორეს მხრივ კი საზოგადოებაში არსებული სტიგმა ამყოფებს გაუსაძლის მდგომარეობაში. საქართველოში სექს ინდუსტრიაში ჩართულ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა სავალალო მდგომარეობაშია. სექს მუშაკთა ძირითადი ნაწილი მატარებელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და აივ/ შიდსის. სამწუხაროდ სახელმწიფოს მხრიდან არ ჩანს რეალური შემოთავაზებები ამ ადამიანთა სოციალური და ჯანდაცვის უფლებების დაცვისათვის.
საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემად მივიჩნევთ სექს ინდუსტრიის ქუჩის პროსტიტუციის მხრივ არსებულ მდგომარეობას. ერთი შეხედვით თითქოს არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ამ ადამიანებს სექს მუშაკობისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებდა, მაგრამ პოლიცია ამ ადამიანებს დევნის სხვა საფუძვლით და უკრძალავთ მათ ამა თუ იმ ადგილას დგომას, ხოლო თუ პირი არ ემორჩილება ამ მოთხოვნას მათზე ვრცელდება პოლიციის დაუმორჩილებლობის სახდელი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მოკლედ, შეფარულად განხორციელებული პოლიციული დევნა ამ ადამიანებს შემოსავლის ერთადერთ წყაროსაც კი უსპობს და ამყოფებს გაუსაძლის მდგომარეობაში.
ამონარიდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზიანის შემცირების ქსელის ანგარიშიდან „Sex work, HIV/AIDS, and Human rights”:
„ერთმა სექს–მუშაკმა მოგვმართა თხოვნით, რომ დავხმარებოდით პოლიციელთან გამკლავებაში, რომელიც ძალადობდა მასზე და მის კოლეგებზე. ის ყოველთვის ცემდა მათ, აშანტაჟებდა და სარგებლობდა მათი მომსახურებით უფასოდ. სექ–მუშაკთან ერთად NGO „თანადგომის“ ორმა წევრმა მიმართა ადამიანის უფლებების კომიტეტის თავჯდომარეს და სთხოვა, რომ სექს–მუშაკი დაეცვა მომავალში პოლიციელის ნებისმიერი შეურაწმყოფელი ქმედებისგან. თავჯომარე დახმარებას დაჰპირდა მაგრამ მცირედი გააკეთა. ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენი ვიზიტი თავჯდომარესთან გადაღებული და ჩაწერილი იყო ჩვენი ნებართვის გარეშე და მალე ტელევიზიაში გააშუქეს. ამასობაში პოლიციელმა ამოიცნო სექს–მუშაკი და დაემუქრა მას კიდევ უფრო სასტიკი ფიზიკური ძალადობით. მისმა კოლეგებმა ზურგი აქციეს და გათქვეს პოლიციასთან და დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდნენ უფლებას რომ მათთან ერთად ემუშავა.“
აღნიშნულის შედეგად ეს ადამიანები მოქმედებენ ფარულად, ემალებიან პოლიციას და ექცევიან კრიმინალების გავლენის ქვეშ, წარმოადგენენ ნარკოტიკების პოტენციურად გამავრცელებლებს და მომხმარებლებს. სწორედ ამის გამო საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის მრავალი ქალი ნარკოტიკული დანაშაულისათვის. დისკრიმინაციული მიდგომების გამოხატულებაა, თუნდაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ არხზე ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე ერთ–ერთი ქალის დაკავების და დაკითხვის პროცედურის ჩვენება. მსგავსი მიდგომები კიდევ უფრო აღრმავებს სტიგმას ამ ჯგუფის ადამიანებთან მიმართებაში და წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას.
ქვეყანაში არსებული მკაცრი ნარკო პოლიტიკა ქალ ნარკო–მომხმარებლებს უბიძგებს მაქსიმალურად დაფარულად მოიხმარონ ნარკოტიკული საშუალებები, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება აივ/შიდსით, с ჰეპატიტით და სხვა სისხლის გზით გადამდები დაავადების საფუძველი. ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ ფორმირებული ნარკოპოლიტიკა ქალებს უბიძგებს მოიხმარონ სხვადასხვა კუსტარულად დამზადებული საშუალებები, როგორიცაა „ჯეფი“, „ვინტი“, „ნიანგი“ და ა.შ. მსგავსი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება მათ სიცოცხლეს აყენებს საფრთხის წინაშე და იწვევს დროის მოკლე პერიოდში ლეტალურ შედეგებს.
ამონარიდი კონსტიტუციური უფლებათა დაცვის ცენტრის ანგარიშიდან „ნარკოტიკების მომხმარებელთა რეგისტრაცია საქართველოში“:
„ბოლო ორი წელია პოლიცია სისტემატურად მაჩერებს. ექსპერიზაზე უკვე კარგად მიცნობენ. შარდს ყოველთვის ვაბარებ. ყოველთვის ამოდის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. მოვიხმარ რაღაც საზიზღრობებს, მაგალითად როგორიცაა „ჯეფი“. სასამართლომ დამაკისრა 500 ლარის გადახდა, შემდეგ 2000 ლარის, შემდეგ 2 წლით პატიმრობა, დღეს კვლავ იხილება ჩემს მიმართ საქმე, აღმოჩნდა, რომ გამოძიებას თავის დროზე ვერ წარმოუდგენია ერთ ფაქტზე ექსპერტიზის დასკვნა და კიდევ ერთხელ უნდა დამსაჯონ. სულ მოხმარების 8 თუ 9 ფაქტზე ხდება ჩემი დასჯა. ვიმყოფები ციხეში. პირობები გაუსაძლისია. „ლომკა მშრალზე“ გადამატანინეს. დაავადების გამო ლაპარაკიც კი მიჭირს. არანაირი სამედიცინო დახმარება. ბევრჯერ ვთხოვე ექიმს, მაგრამ რად გინდა. ერთგვარი მეთოდი ყოფილა ამ ქვეყანაში: მკურნალობა საკანში წამლების გარეშე. ასეთი რამ კიდევ სადმე ხდება?“
შედეგად საქართველოში სექს მუშაკი, ნარკოტიკის მომხმარებელ ქალებთან მიმართებაში დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის და სხვადასხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა ისეთი სტანდარტები, როგორიცაა: პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება, სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის დაცვის უფლება და ა.შ. რაც მოსდევს ქვეყანაში არსებულ მკაცრ ნარკოპოლიტიკას და სექს–მუშაკეთან მიმართებაში არსებულ დისკრიმინაციულ გარემოს.
ლიზა ანდღულაძე
NGO “სტუდენტური კლუბი სოციალური კეთილდღეობისთვის.“
http://www.studentsclub.ge